fbpx
„გრინ დაზღვევა საქართველო“-ს B კლასის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველომ“ B კლასის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განათავსა. საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ იქნა 9,000,000 აქცია. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება კი 1 ლარია.

„ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქციების სავაჭროდ დაშვება არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც წარმატებაა, საფონდო ბირჟები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განვითარებად ქვეყნებში. კაპიტალის ბაზრის ფორმირება, ამ მიმართულებით ინვესტირება კი სერიოზული წინსვლა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორები სწორედ სადაზღვევო კომპანიები არიან“, – აღნიშნა „გრინ დაზღვევა საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ეკა ცენტერაძემ.

2020 წლის 24 დეკემბრიდან სადაზღვევო კომპანია “გრინ დაზღვევა საქართველოს” B კლასის აქციები (ISIN GE1100003965) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს მიენიჭა საბირჟო კოდი (ტიკერი) -GIGB. დამატებითი ინფორმაცია: „გრინ დაზღვევა საქართველო“ ფლობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულ ორი ტიპის სადაზღვევო ლიცენზიას სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის მომსახურებისთვის. დღევანდელი გამოწვევების ფონზე, კომპანია ბაზარზე ხელმისაწვდომი ტარიფებით პოზიციონირებს და განსხვავებული შემოსავლების მქონე სუბიექტებზეა მორგებული.